ცვლილებები ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

17 აპრ 2026

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს დღეს პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე. განათლების მინისტრის მოადგილემ ცვლილების ის ნაწილი განმარტა, რომელიც 2010 წლამდე  გაცემული  დიპლომების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებას გულისხმობს.

ზვიად გაბისონიას განმარტებით, ცვლილება არ ეხება ყველა დიპლომს და საუბარია მხოლოდ ისეთი ოთხწლიანი უმაღლესი განათლების დოკუმენტზე სადაც კონკრეტული საფეხური გაწერილი არ არის.

მისი განმარტებით, სტუდენტებს რომლებსაც იმავე წლებში 5 წლიანი დაუსწრებელი ფაკულტეტი ჰქონდათ დამთავრებული მაგისტრის ხარისხი უღიარდებოდათ, ოთხწლიანი დასწრებული სწავლის  სტუდენტებს კი არა, ამდენად მისი განმარტებით, საუბარია ამ ხარისხების  გათანაბრებაზე.  მინისტრის მოადგილე განმარტავს რომ ამ საქმეებზე  ასობით სასამართლო დავა იყო რომელიც სახელმწიფომ წააგო.