17 აპრ 2026
პარიზში, "გრან პალეში" პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება.
ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს. წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი წარდგება ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემითა და 10-მდე გამომცემლობით.
საქართველოს ეროვნული სტენდის კონცეფცია აგებულია ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას წიგნის - „მოგზაურობა კავკასიაში“ მოტივებზე.
გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ. პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს.
ფესტივალი ყოველწლიურად 50-მდე ქვეყანასა და 1000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პროზაიკოსები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები.