სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება - შალვა პაპუაშვილი

17 აპრ 2026

ძალიან სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, რათა გავრცელდეს მათი მოსაზრებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კრიტიკის შესახებ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის, ვინც ამ სამარცხვინო საქციელში იყო ჩართული, ვინც ასეთ ადამიანებს აძლევს ტრიბუნას, ორივე თანაბრად არიან არა მხოლოდ ქართული ეკლესიის მტრები, არამედ ქართული საზოგადოების მტრები.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ ზუსტად იგივე ხალხს, არაფერი ახალი არ არის, პეტრე ცაავა ნანუკა ჟორჟოლიანთან იყო ხომ, ერთიც და მეორეც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტი თუ რესპონდენტი. მაშინ რაც ხდებოდა ტელევიზიაში, ახლა გადაიტანეს სოცმედიის არხებზე. არაფერი შეცვლილა, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, რა ბოროტი ძალაც იყო ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, ყველანაირ ღირებულებას, რომელსაც ჩვენი, ქართული ღირებულება ჰქვია.

ევროპული ღირებულებების დროშით, რომელსაც თვითონაც ვერ ხსნიან, რას გულისხმობენ ამ ევროპულ ღირებულებებში, ცდილობენ, ჩაანაცვლონ ქართული ღირებულებები. არადა, საქმე პირიქით არის, სწორედ ქართული ღირებულებაა ჭეშმარიტად ევროპული ღირებულება. ვინც ქართულ ღირებულებებს სცდება, ის სცდება ევროპულ ღირებულებებსაც. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, რომ ნირს არ შეიცვლის „ნაცმოძრაობის“ არცერთი წევრი თუ აპოლოგეტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.