გივი მიქანაძე აშშ-ში გაეროს გენმდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა

17 აპრ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და UNDP-ს შორის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების განვითარების ხელშეწყობაა და ამ მიმართულებით UNDP-სთან პარტნიორობას. 

მათივე თქმით, გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ივანა ჟივკოვიჩს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და 2026–2030 წლების “პროგრამული დოკუმენტის” განხორციელების პროცესში UNDP-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. ხაზი გაესვა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში გაიმართება.

თავის მხრივ, ივანა ჟივკოვიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მინისტრს სამომავლო პარტნიორობის მზაობა დაუდასტურა.

"განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარეობს. ასევე, შევეხეთ იმ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრსა და გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შორის გაფორმდა, რომელიც 2030 წლამდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სექტორის მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს. დავსახეთ ის მიზნები, რომლითაც ამ ჩარჩო ხელშეკრულების ფორმატში განსახორციელებელი მოქმედებები და პროექტები პირდაპირ ბმაში უნდა იყოს იმ რეფორმებთან, რომელიც მიმდინარე და მნიშვნელოვანია," - აღნიშნა გივი მიქანაძემ.