გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია   

16 აპრ 2026

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე დღეს ტატამიზე ოთხი ქართველი ჯუდოკა გავიდა. მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. კაცთა შორის 60 და 66 კილოგრამში, ქალთა შორის კი 48 და 52 კილოგრამ წონით კატეგორიებში. სამი ძიუდოისტი ტურნირის საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.

ვაჟა მარგველაშვილი ხორვატ მეტოქესთან დამარცხდა, წააგეს ჯულიეტა როდონაიამ და ნინო თათრიშვილმაც. როდონაია ფრანგ შირინ ბუკლისთან დამატებით დროში დამარცხდა, თათრიშვილი ჩემპიონატს უნგრელმა როზა გირტესმა გამოთიშა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა პირველ წრეში გერმანელი მაქსიმილიან ჰეიდარი დაამარცხა, მეოთხედფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს მოუგო და ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს დაუპირისპირდა, რომელიც დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.