შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

16 აპრ 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები. მათივე განცხადებით, ხაზი გაესვა ასევე გასული წლის სექტემბერში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობას.

"საუბარი შეეხო ირანში მიმდინარე ომისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საიმედოობის მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე. შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.