16 აპრ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა გასულ სხდომაზე თქვა და ყველას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. ამასთან, სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძისთვის იმ ქონების ჩამორთმევას ითხოვს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
პროკურორის თქმით, საუბარია 3 მილიონის ღირებულების ქონებაზე. პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმებაზე ისევ უარს ეუბნება.
ერთადერთი გამონაკლისი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაურია. მასსა და პროკურატურას შორის მიღწეულ შეთანხმებას სასამართლო უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.