პაატა სალია ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

16 აპრ 2026

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ილზე ბრანდს ქერისს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ  რეფორმებზე ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პენიტენციურ სისტემას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ ინსტიტუციას ადამიანის უფლებების მაღალ დონეზე დაცვის მიმართულებით.

საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არის წამებისგან თავისუფალი გარემო, სადაც პატიმრებზე ზრუნვა და მათი პირობების მუდმივი გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი.

მინისტრმა ასევე  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინება გარანტირებულია საჯარო სერვისების მიწოდების პროცესშიც.​ დიგიტალიზაციისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვით, სახელმწიფო სერვისები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაერო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც 2025 წელს გაფორმებული ხუთწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და ინტენსიური გახდა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ესწრებოდნენ.