15 აპრ 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება ორმხრივ ურთიერთობებზე. მისი თქმით, სტამბოლში, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეა გაიმართება, ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსაც.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება სამწუხარო მოცემულობას, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე.
„მექნება შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. რა თქმა უნდა, მასთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ აქვთ, როგორ მიდის მათთან ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ასევე, გვექნება შესაძლებლობა , ევროკავშირის წვერი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსაც შევხვდეთ. გვექნება საუბარი იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რომელსაც ვაკვირდებით. სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც ვფიქრობ, არასწორია და ევროკავშირის შიგნიდან უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები. სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ, წევრი ქვეყნების პარლამენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე, შეხვედრა გვექნება ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან, ემირატების, საუდის არაბეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან, საუბარი გვექნება ეკონომიკურ ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.