იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

15 აპრ 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას.

კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტში, რომლის თანახმად, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ გაცემული სახსრები არ იქნება მიჩნეული გრანტად, თუ ისინი ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან და უშუალოდ უკავშირდება შესაბამისი წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.

საკომიტეტო განხილვის დროს, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონის  51 მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად, უცხოური გრანტის გამცემის მიერ გრანტის გაცემის წესი არ გავრცელდება როგორც "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.