15 აპრ 2026
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ისევე როგორც გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას და აღნიშნა ევროპის საბჭოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში.
მაიკლ ო’ფლაერტის დაინტერესების საპასუხოდ, სახელმწიფო მინისტრმა ადამიანის უფლებათა კომისარს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება და მიმდინარე ოკუპაციის თანამდევი მძიმე შედეგები.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ადამიანის უფლებათა კომისარმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნა, რომ თავის მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.