15 აპრ 2026
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში. მინისტრი ასევე შეხვდება ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებს.
გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) ფარგლებში ასევე გაიმართება სპეციალური ღონისძიება, რომელიც გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ გაეროში აკრედიტებული დიპლომატები და დარგის ექსპერტები.
2026 წლის საჯარო სერვისების ფორუმი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. მისი მთავარი თემაა "საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება".