14 აპრ 2026
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის, 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.
კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.
რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. ფორექსი, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.
რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება, დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიცირების შემდეგ 48 საათი ექნება, რათა მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.
აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სებ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.