14 აპრ 2026
მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის უნგრეთში ჩატარებული არჩევნები, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები, ფასების ზრდა, მაღაროელების შეწყალების საკითხი, ქართული ენის დღე - ამ და სხვა საკითხებზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პეტერ მადიარსა და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისივე განცხადებით, უნგრეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს, რაც ურთიერთსასარგებლო ინტერესებზეა დამყარებული. იმედი გამოთქვა, რომ არსებული ურთიერთობა ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდება.
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა შალვა კერესელიძემ საქართველოს ხელისუფლებას დაკავებული მაღაროელების, გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
,,ქართული ოცნების’’ დეპუტატის, არჩილ ბერიძის განმარტებით, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა პრაგმატიზმსა და რეალისტურ გეოპოლიტიკურ ხედვას ეფუძნება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღება დაასახელა.