თებერვალში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა - ეროვნული ბანკი 

08 აპრ 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, თებერვალში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 17.1%-ით, 295.3 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 14.8%-ით, 33.0 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

ეროვნული ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 19.8%-იანი ზრდით. 14.4%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის დადებითი კონტრიბუცია კი თებერვალში 2.3 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა.

„თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 45.4%-ს ევროკავშირის ქვეყნები, 18.4%-იანი წილით აშშ და 11.9%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.8%), გერმანიის (8.5%) და საბერძნეთის (7.9%) მაღალი წილი“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.