ირანმა კვლავ შეუტია სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას

05 აპრ 2026

ირანის თავდასხმის შედეგად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ნავთობ-ქიმიურ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. მათი ცნობით, საუბარია კომპანია Borouge-ის ქარხანაზე. გავრცელებული ცნობით, ხანძარი განადგურებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. საწარმოს საქმიანობა შეჩერებულია და სპეციალისტები ზარალს აფასებენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ირანმა იერიში მიიტანა ბაჰრეინის ნავთობის ინფრასტრუქტურაზეც. ბაჰრეინის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანიაში   განაცხადეს, რომ ირანის თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.   ირანული დრონების თავდასხმის შესახებ იუწყება ქუვეითის ხელისუფლებაც. მათი ცნობით, დაზიანებულია ელექტროსადგურები და წყლის გამტკნარების სადგურები.
ამის პარალელურად, ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტ ირანულ სამიზნეს, მათ შორის, სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.  "ცაჰალის" ცნობით, ცენტრალურ და დასავლეთ ირანში მდებარე სამიზნეებს შორის იყო დრონების წარმოებისა და გაშვების ადგილები, ბალისტიკური რაკეტების სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები.  ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება.