05 აპრ 2026
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანში მდებარე ნავთობქიმიურ კომპლექსზე განხორციელებულ იერიშს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმა განხორციელდა ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მაჰშაჰრში მდებარე ობიექტზე.
თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 170 დაშავდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის დედაქალაქ თეირანზე მასირებული დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულნი არიან ირანის სამხედრო ლიდერები. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად იზრდება მუქარის რიტორიკაც, ირანში აცხადებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში რეგიონი აშშ-ისთვის „ჯოჯოხეთად“ გადაიქცევა.
შესაბამისი განცხადება ირანის წარმომადგენელმა გააკეთა, მას შემდეგ რაც ვაშინგტონიდან ახალი მუქარა გაჟღერდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, ორშაბათამდე აღადგინოს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს „მკაცრი ზომების“ მიღებით დაემუქრა. ამასთან, თეირანი აცხადებს, რომ მზად არის სრუტე ნაწილობრივ გახსნას პირველადი საჭიროების ტვირთებისთვის, თუმცა უცნობია, მოიცავს თუ არა ეს ნავთობის ტრანსპორტირებას.