04 აპრ 2026
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, ინდივიდუალური სოციალური სახლების მშენებლობა დასრულდა, სადაც კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლები 10 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა. როგორც ქობულეთის მერი ამბობს, პროგრამა მიმდინარე წელსაც განხორციელდება და იმ ოჯახებს ვინც მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ახალ სახლს აუშენებენ. ინდივიდუალური სოციალური სახლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2022 წელს დაიწყო ამ დრომდე მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 30-მდე მოწყვლადი კატეგორიის ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრისი. კრიტერიუმების თანახმად, პროგრამაში ჩართული პირი აუცილებლად ქობულეთის მუნიციპალიტეტში უნდა იყოს რეგისტრირებული და 0-120 სოციალური ქულის ჩათვლით სპეციალურ დამატებით კრიტერიუმსაც უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც სპეციალური კომისია სწავლობს. ასევე მთავარი პირობაა, ბენეფიციარს თავისივე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აუშენდეს ახალი საცხოვრისი. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისათვის აჭარის ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე გამოიყო.