ქართველები ჩადიოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ, ყველაზე ახლო წარსულში მოსკოვში გარბოდნენ, დღეს ეს ზოგისთვის ჰააგა და ბრიუსელია - პაპუაშვილი

03 აპრ 2026

ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, უცხოეთის დავალებით მოიპოვონ ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო კომიტეტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის უცხოური ინტერესებით მოქმედი ჯგუფების ლუსტრაცია.

„შეგახსენებ, ეკა გიგაური არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამითაც თავისი თავის სრული ლუსტრაცია გააკეთეს. დღეს ისინი ფორმალურადაც არიან უცხო ქვეყნის ინტერესით მოქმედი ჯგუფები. სინამდვილეში, ახალი არაფერია, საქართველოს ისტორია ვისაც აქვს კარგად ნასწავლი, ისტორიულად ასე ხდებოდა.

 

ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნების თუ იმპერიების დედაქალაქებში ჩადიოდნენ ქართველები, რათა იქ მოეპოვებინათ მხარდაჭერა საქართველოში ხელისუფლებაში მოსასვლელად. ყველაზე ახლო წარსულში, ეს იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც მოსკოვში გარბოდნენ, რომ სხვადასხვა თანამდებობა მიეღოთ. ზოგიერთისთვის დღეს ეს არის ჰააგა და ბრიუსელი. ეს არის ლუსტრაცია უცხოური ინტერესებით მოქმედი ჯგუფების. ამით ნათელს ხდიან საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აქტიურად ხდება გარე ჩარევები საეკლესიო საქმეებში და ამაში სხვადასხვა ონლაინ გამოცემებიც არიან ჩართულნი.

"დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული, პროპაგანდისტული ჯგუფები - "რადიო თავისუფლება," "ტაბულა," პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში. დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ. ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვს "რადიო თავისუფლებას," "ტაბულას", სხვა ონლაინ გამოცემებს - "პუბლიკას" "ნეტგაზეთს" და ა.შ. მათ აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას საქართველოს ეკლესიის საქმეებში. ჩვენ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით. აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის, უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ამ ყველაფერს ვაკვირდებით და გვექნება რეაგირება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.