02 აპრ 2026
112 ელექტრონული აუქციონი და 68 გაყიდული ობიექტი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.
სააგენტოს ინფორმაციით, აქტიური საპრივატიზებო პოლიტიკის შედეგად საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულეს და სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კერძო სექტორს საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას ისევ შესთავაზებენ.
უწყების განმარტებით, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და ბიზნეს პროცესების გააქტიურება საპრივატიზებო ქონების მოთხოვნაზე დადებითად აისახა, რაც თავის მხრივ აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას განაპირობებს.