სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში, იმედი გამოთქვეს, რომ უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან - ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრ 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში შეხვედრებზე განხილულ თემებზე ისაუბრა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დელეგაციამ ბრატისლავაში სლოვაკეთის მიერ ევროკავშირში საქართველოს ინტერესების დაცვის პირობა მიიღო.

„შეხვედრებზე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი ევროკავშირთან ურთიერთობის პრობლემატიკაზე და ძალიან მოხარულები ვართ, რომ სლოვაკეთი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტები და სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ რიგ შემთხვევაში. ეს ყველაფერი გამომდინარეობს პოლიტიკური ინტერესებიდან. ზოგიერთისთვის, საქართველოს ხელისუფლება არ არის კომფორტული, რადგან ბრმად არ მიჰყვება ინსტრუქციებს. 

ასევე, გვქონდა საუბარი იმ უარყოფით გავლენაზე, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ახდენენ ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე და მათ შორის კონკრეტულად საქართველოზე.

ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში უნდა დავინახოთ. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.