02 აპრ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმეზე განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხნენ აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი და ჯუანშერ ბურჭულაძის შვილი. ექს-თავდაცვის მინისტრს ჩვენება არ მიუცია — იგი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.
საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ვასილ მხეიძე. პროკურორი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 8 აპრილს მიმართავს.
გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. საგამოძიებო ვერსიით, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სამინისტროს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. საქმეში ასევე ფიგურირებს ქონების შეძენისა და მისი წარმომავლობის შენიღბვის ეპიზოდი.
სხვა ბრალდებულებს — გიორგი ხაინდრავასა და ვლადიმერ ღუდუშაურს — დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ხოლო ვასილ მხეიძეს — გაფლანგვაში დახმარებას.