აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს

02 აპრ 2026

“ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა” - ამ სიტყვებით მიმართა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ სხდომათა დარბაზში მყოფებს. 

ცოტნე ანანიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა იყო.  მას მხარი "ქართული ოცნების" 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანდიდატს დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს 11 წევრის  მხარდაჭერა სჭირდებოდა.

გახარიას პარტიის წევრმა არჩილ სამნიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ნინო ჩხეტია კი სხდომას არ ესწრებოდა.

ცოტნე ანანიძე აღნიშნულ თანამდებობას  2028 წლამდე დაიკავებს. იგი უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატია. 2016 წლიდან უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატი  და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 

აქამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  პოსტს დავით გაბაიძე იკავებდა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მან 30 მარტს გააკეთა.