30 მარ 2026
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
დავით გაბაიძემ განმარტა, რომ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი გადადგომა თორნიკე რიჟვაძესთან ახლობლობას უკავშირდება, გაბაიძემ არ დაადასტურა.
„ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ. გუნდთან მქონდა კონსულტაციები, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით. მოტივაცია ერთადერთია, არასრული ათი წელია ამ თანამდებობაზე ვარ, ნამდვილად დადგა ის დრო, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გუნდთან კავშირს, კარგად გახსოვთ, მე მანამდე გავხდი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძე დაიკავებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.
ამ ეტაპისათვის, ბუნებრივია რაღაც პერიოდი უმაღლეს საბჭოში მომიწევს ყოფნა, ჩვენი გუნდიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაქვს რაღაც გადაწყვეტილებები და ეს კონსულტაციები ოჯახთან უნდა გავიარო.
ჩემი შემცვლელი შეიძლება იყოს უმრავლესობის ნებისმიერი წევრი. ყველა ღირსეულია, გუნდმა უნდა გააკეთოს, უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, თუკი ეს ცოტნე ანანიძე იქნება, მივესალმები მის კანდიდატურას“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.
ამბობს, რომ ახალი თავმჯდომარის დანიშვნაზე რეგიონის საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს.
დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას 2016 წლიდან, სამი მოწვევის განმავლობაში იკავებდა.