„აქსიოსი“ - მარკო რუბიომ და კაია კალასმა რუსეთ-უკრაინის თემაზე იკამათეს

28 მარ 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე რუსეთის საკითხთან დაკავშირებით იკამათეს. ინფორმაციას ამის შესახებ „აქსიოსი“ შეხვედრაზე დამსწრე სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 
გამოცემის ცნობით, კალასმა რუბიოს ჰკითხა, როდის აპირებდა ვაშინგტონი რუსეთის მიმართ მკაცრი ზომების მიღებას, ასევე შეახსენა ერთი წლის წინ ამავე ფორუმის ფარგლებში ნათქვამი - რომ თუკი რუსეთი ხელს შეუშლიდა აშშ-ს მცდელობებს - უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაშინ ვაშინგტონი დამატებით ნაბიჯებს გადადგამდა კრემლის წინააღმდეგ. 
რასაც რუბიოს მხრიდან მწვავე პასუხი მოჰყვა და აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად ყველაფერს აკეთებენ და თუ კალასი ფიქრობს რომ ამის გაკეთება უკეთესად შეუძლიათ მაშინ შეერთებული შტატები განზე გადგება.