27 მარ 2026
პრემიერა გაიმართა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში. დასის რეპერტუარს ახალი სპექტაკლი “თოლია - ჯონათან ლივინგსტონი“ შეემატა. შთამაგონებელი ამბავი თოლიაზე, რომელიც არ წყვეტს თავისუფლებისკენ სწრაფვას, განვითარებასა და სრულყოფილების ძიებას.
ამერიკელი მწერლის, რიჩარდ ბახის ნოველის მიხედვით სპექტაკლი მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე რეჟისორმა ლელა ჭინჭარაულმა დადგა.
თოჯინურ სპექტაკლში მოქმედება პროექციის საშუალებით იყო გადმოცემული. თეატრალური წარმოდგენა სხვადასხვა თაობის მაყურებელმა ნახა და შეაფასა.
სპექტაკლის პრემიერა თეატრის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში ჩვენებები ხვალ და ზეგ გაიმართება. მაყურებელთა სარეკომენდაციო ასაკი 8 წლიდან იწყება.