26 მარ 2026
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატივის მისაგებად, ხულოს საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებსა და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო.
რაც შეეხება სხდომის დღის წესრიგს, საკრებულოს წევრებმა ოთხ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის იყო სოფელ დიდაჭარაში მდებარე შენობა-ნაგებობის ერთ-ერთი სოციალურად შეჭირვებული მოქალაქისთვის დახმარების სახით უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი.
სხდომაზე დამატებით საკითხსაც დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა, რომელიც ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეციალიზებული სახანძრო ცისტერნის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში კი მის უსასყიდლოდ გადაცემას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ პარტია „ლელოს“ წევრს, ბესიკ შაინიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.