სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს

26 მარ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე – 2001 წელს დაბადებული ა.ჰ; 2003 წელს დაბადებული მ.უ; 2006 წელს დაბადებული ა.ჯ; 2006 წელს დაბადებული ი. და 2004 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია საქართველოს სასაზვრო პოლიციის ინფორმაციაში.