25 მარ 2026
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 25 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
როგორც სებ-ში აღნიშნავენ, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების შედეგად, ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები დროებით დაირღვა.
„აღნიშნულმა პროცესებმა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგომატარებლებისა და ტრანსპორტირების ფასები. მეორე მხრივ, ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, იზრდება რისკი, რომ გლობალურად ინფლაციური პროცესები უფრო ყოვლისმომცველი გახდეს. საყურადღებოა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებამდე ინფლაციის დინამიკა საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენარს შეესაბამებოდა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის მეორე კვარტალიდან, დროებითი ფაქტორების ზემოქმედების მილევის ფონზე, ინფლაცია მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს უნდა დაახლოებოდა. 2026 წლის თებერვალში, მოლოდინების შესაბამისად, მთლიანმა ინფლაციამ 4.6 პროცენტი შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ფასების წვლილმა ინფლაციაში კლება დაიწყო, ხოლო ხისტი ფასების ინდიკატორები და ინფლაციური მოლოდინების საზომები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყო. თუმცა, მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე გაზრდილი ნავთობის ფასები, საქართველოს ბაზარს ნაწილობრივ უკვე გადმოეცა, რაც მარტში მთლიან ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის განახლებული შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაციის მოსალოდნელ ტრაექტორიას უმთავრესად განსაზღვრავს გლობალური ინფლაციური პროცესების სიმწვავე და ხანგრძლივობა, რის გარშემოც მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება“, – აცხადებენ სებ-ში.