23 მარ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ლონდონსა და პარიზში გამართულ International Media Marketplace-ზე ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული მედიის წარმომადგენლები, PR-ის სპეციალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაესწრო საერთაშორისო მედია კონფერენციებს, რომელიც ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვემართა შეხვედრები საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, როგორიც არის: BBC, CNN, Condé Nast Traveler, National Geographic და სხვა. როგორც იცით ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მუდმივად მზადდება სტატიები და გადაცემები აღნიშნულ მედიებში. ჩვენთვის ევროპული ბაზარი, კონკრეტულად ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წელი ამ ქვეყნებიდან წარმატებული იქნება და საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური შემოვა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
International Media Marketplace მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო მედია კონფერენციაა, ორივე ღონისძიებას 700-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურიზმისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.