სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა მოქალაქეებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ

23 მარ 2026

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველ დღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.

სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.

"დღეს, დღის განმავლობაში ექნება მორწმუნე საზოგადოებას საშუალება იმისა, რომ მობრძანდეს და პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს, თუმცაღა, იქნება გარკვეული შეზღუდვები. შეზღუდვები დაკავშირებულია საფლავის მოწესრიგებასთან და ა.შ.

მორწმუნე საზოგადოებას, მთელი დღის განმავლობაში ექნება საშუალება იმისა, რომ, სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს. ტაძარი, დაახლოებით 8 საათამდე იქნება ღია", - განაცხადა მამა გიორგი ვაშალომიძემ.

საქართველომ გუშინ, 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.