22 მარ 2026
საქართველომ პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის ტაძარში დაკრძალეს.
უწმინდესი სამების ტაძრიდან სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქს მოქალაქეები, სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებოდ ჩამოსული დელეგაციები და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჯარისკაცების ცოცხალ კორიდორში მიაცილებდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: "პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.
დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე სიონის ტაძარში ვიდეოგადაღება შეწყდა.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.