სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება

20 მარ 2026

სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა სამებაში მოქალაქეთა ნაკადი - ხალხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. გვიან ღამით, უწმინდესისთვის პატივის მისაგებად, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მივიდნენ შინაგან საქმეთა და კულტურის მინისტრები.

სამოქალაქო პანაშვიდი საკათედრო ტაძარში დღეს და ხვალაც გაგრძელდება. მათთვის, ვისაც სურს ილია მეორეს უკანასკნელი პატივი მიაგოს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში გლოვის დღეებია გამოცხადებული.