19 მარ 2026
საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას ეხმაურება საერთაშორისო მედია. საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერი'' ვრცელ სტატიას უძღნის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს. აღწერს მის მიერ განვლილ გზას ბავშვობიდან საქართველოს სულიერ ლიდერამდე, ხაზგასმით აღნიშნავს საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ეკლესიის აღორძინებაში შეტანილ მის უდიდეს წვლილს.
,,ილია II, დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში სათავეში ედგა მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში ყველაზე გავლენიან არასახელმწიფოებრივ ორგანოს''- წერს ,,როიტერი'' და აღნიშნავს, რომ საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის დასაწყისში მიიღო, დღემდე მოსახლეობა ღრმად რელიგიურია და 2017 წლის კვლევის მონაცემებით ქართველების 89% მართლმადიდებლია.
საერთაშორისო მედია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს „ეპოქალურ ფიგურად“ მოიხსენიებს, აღნიშნავს რომ, ილია II საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდხანს მოღვაწე რელიგიური ლიდერი იყო.
პუბლიკაციებში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს ეკლესიის 141-ე წინამძღვარი უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობდა სამშობლოში. მსოფლიოს 14 თვითმმართველი მართლმადიდებლური ეკლესიიდან ერთ-ერთი, ქართული ეკლესია სათავეს მე-4 საუკუნის დასაწყისიდან იღებს, ქრისტიანობა იბერიის უძველესი ქართული სამეფოს სახელმწიფო რელიგია იყო'' - წერს ,,ევრონიუსი''.