18 მარ 2026
წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, – ამის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ წმინდა სინოდის განჩინების წაკითხვისას განაცხადა.
მეუფე თეოდორეს განცხადებით, სინოდის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.
„წმინდა სინოდის სხდომა მოწვეული იქნა სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს, და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქის ლია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.
ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევა. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელთმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა, ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.
წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა: შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიისა მიტროპოლიტი საბა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მექლისედეკი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონე, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტი კირიონი.
დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა. დაკრძალვის ადგილად პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.