18 მარ 2026
ბათუმის დრამატული თეატრი 19 და 22 მარტს დაგეგმილ სპექტაკლებს აუქმებს.
თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სპექტაკლების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია თეატრის გვერდზე გამოქვეყნდება.
"ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა იყო გამორჩეული სულიერი მოძღვარი, უდიდესი სიბრძნისა და გონიერების მატარებელი, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა მთლიანად ეძღვნებოდა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულს. იგი განსაკუთრებული სითბოთი და თანაგრძნობით ეკიდებოდა თითოეულ ადამიანს - მისთვის ყველა ძვირფასი და საყვარელი იყო.
ილია II-ის სიტყვა და მაგალითი მრავალი თაობისთვის დარჩება სულიერი გზის მანიშნებლად. მისი სიბრძნე, სიმშვიდე და შემწყნარებლობა საუკუნოდ დარჩება საქართველოს ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, სასულიერო და საერო საზოგადოებას",- აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.