როგორც კელაპტარი, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი, უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება - მამა შალვა კეკელია

18 მარ 2026

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოსთან განაცხადა.

„ერთი ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა. უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენ ქრისტიანები ვართ და უმთავრესი რამის გვჯერა - მარადიული ცხოვრების, იქ მარადიული სამყოფლის. მისი უწმინდესი ცხოვრობდა ჩვენთვის. უწმინდესს ძალიან უნდოდა ღმერთთან წარმდგარიყო. იმისთვის შრომობს, იღვწის სულიერად, რომ მარადიული სასუფეველი დაიმკვიდროს. როგორც კელაპტარს რომ დაანთებ ხოლმე ლოცვის წინ და დაგიდნება, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი. ყველასთვის ჩამოდნა. ამდენი წელი მასთან ერთად გავატარე და არასოდეს მახსოვს, რომ უწმინდესს ვინმე გაელანძღოს, ვინმეზე აუგი ეთქვას. მისი მაგინებლები და მისი მლანძღველების შესახებ, როცა ტელევიზიიდან ამ ყველაფერს ისმენდა ხოლმე, სულ მეუბნებოდა - „მამაო, მათი სახელები ჩაიწერე“.

ერთი შემთხვევა იყო, ორი ადამიანი ლანძღავდა მას ტელევიზიით და როცა გადავრთე მითხრა გადმორთე უნდა ვუყუროო. დაახლოებით ნახევარი საათი უსმენდა თუ როგორ ლანძღავდნენ მას. როცა დასრულდა ტრაპეზი მითხრა მათი სახელები ჩაიწერეო, ვიფიქრე ხვალ ახლა მიადგება ამათ ამბიონიდან, გალანძღავს, გათათხავს თუ როგორ გამიბედეს ასე საუბარი...  და უწმინდესი უცებ მეუბნება ეგ მაგიტო კი არ გითხარი, ესენი ჩემი შვილებია არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ, მათზე  განსაკუთრებით უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო", - იგონებს მამა შალვა კეკელია.