საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან

18 მარ 2026

საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. სინოდის სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი მათ შორის პატრიარქის დაკრძალვის თარიღის შესახებ.

„სინოდი შეიკრიბება 14:00 საათზე, ესაა საეკლესიო წესი. სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა პროცედურაზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში. დანარჩენ დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებთ მას შემდეგ, როგორც კი დაადგენს სინოდი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ილია მეორე, შესაძლოა, სიონის ტაძარში დაკრძალონ, რაზეც ჯაღმაიძემ უპასუხა:

„დიახ, არის ამის შესახებ ცნობა, თუმცა, როგორც წესი, ეს სინოდმა უნდა დაადგინოს. დაკრძალვის თარიღთან დაკავშირებითაც სინოდის დასრულების შემდეგ შევიტყობთ“.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.