16 მარ 2026
ანგარიშის ავტორი წუხს იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორს ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება.
„მეექვსე – სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ. ანგარიშის ავტორი განსაკუთრებულად წუხს იმის გამო, რომ (1) საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიტანეს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და (2) საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ განხორციელებულ სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით.
ანგარიშის ავტორი საკონსტიტუციო სარჩელს თვითნებურს უწოდებს, რაც ღიმილისმომგვრელია, რადგან სარჩელი, თავისი ბუნებით, თვითნებური ვერ იქნება. ანგარიშის ავტორს, რომელიც, სხვათა შორის, იურისტია, ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერცერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს ანგარიშის ავტორი ვერც ამ შემთხვევაში მალავს მიკერძოებას და ცალმხრივად საუბრობს ხელისუფლების რიტორიკაზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ პასუხია იმ პოლიტიკურ შტურმზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. ენჯეოები და კონკრეტული ელჩები ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანგარიშის ავტორს არც იმის ხსენება მოუნდა, რომ ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად მოუწოდებდა ამომრჩეველს, არჩევნების დღეს ეაქტიურათ და ხმა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მიეცათ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა.
„ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა, მით უმეტეს, რომ პოლიტიკურად ესოდენ მიკერძოებულ ანგარიშშიც კი, ავტორმა რეფორმის გაკრიტიკება ვერავითარი კუთხით ვერ შეძლო“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის შეფასებით, პოლიტიკურად ესოდენ მიკერძოებულ ანგარიშშიც კი, ავტორმა რეფორმის გაკრიტიკება ვერავითარი კუთხით ვერ შეძლო.
პრემიერის განცხადებით, ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში ორი წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა.
„ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში 2 წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა.
ანგარიშის ავტორს, ასევე, არ მოსწონს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 150, 100 და 50 ოპოზიციონერ აქტივისტს აღარ აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წინააღმდეგ იძალადოს. შეგახსენებთ, რომ შესაბამისი კანონების მიღებამდე, 150 პოლიტიკურ აქტივისტს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა. როდესაც ანგარიშის ავტორი ამგვარ კანონებს აპროტესტებს, ესეც მისი პოლიტიკური მიკერძოების უტყუარი ნიშანია“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ქართველ ხალხთან ერთად მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.