16 მარ 2026
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის.
„რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი - არჩევნები. საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას, ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის.
ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერც ერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა.
„აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს. ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ეს არის ანგარიშის, ალბათ, ერთადერთი ზოგადი დასკვნა, რომელსაც სრულად შეგვიძლია დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ანგარიშის ავტორმა ისიც კი ვერ გაარკვია, ჩვენს ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ ეწოდება თუ „საქართველო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო-ს ანგარიშის ავტორი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული კანონი მისი გაღიზიანებისა და არაობიექტური შეფასების საგანი გახდა.
„ანგარიშის ავტორი ითხოვს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას. უფრო კონკრეტულად, ის უარყოფითად აფასებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციისა და სქესის შეცვლის წინააღმდეგ მიმართულ ნორმებს. ის, ასევე, უარყოფს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი და მოითხოვს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი მარტივად, შესაბამისი პირის შეხედულების მიხედვით შეიცვალოს. ასეთ მიდგომებს ქართული საზოგადოებისთვის დიდი ფასი რომ ვერ ექნება, ალბათ, სადაო არავისთვის უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების ხუთი მცდელობა.
პრემიერის თქმით, უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად, ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და შესაბამისად, დაუშვებელია. ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემატურად, სისტემურად, ღიად და უხეშად ირღვეოდა.
პრემიერის განცხადებით, ანგარიში მიუთითებს რადიკალური ოპოზიციისა და ძალადობაში ჩართული აქტივისტების მრავალრიცხოვან მინიშნებებზე წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ. ობიექტური შემფასებელი მხედველობიდან არ გაუშვებდა იმ გარემოებას, რომ ძალადობის ორგანიზატორები და მოძალადეები ბუნებრივად იყვნენ დაინტერესებული, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობა დაებრალებინათ.
"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორმა თავად წამების ვერცერთი ფაქტი მტკიცებითი ფორმით ვერ დაადგინა, სიტყვა „წამებას“ ის, მართალია არა მტკიცებითი ფორმით, მაგრამ მაინც, ანგარიშში მრავალგზის იყენებს. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ამგვარი ფაქტები ძალადობრივი მიტინგების დროს ნამდვილად დაფიქსირდა, რაც ხელისუფლებამ მყისიერად დაგმო.
მეტიც, ხელისუფლებამ ამგვარი ფაქტებიდან სათანადო პრაქტიკული დასკვნებიც გამოიტანა, რისი საუკეთესო დასტური 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები ამ შემთხვევაშიც ძალიან სერიოზული იყო, სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა იმგვარად აღკვეთეს, რომ უმნიშვნელო ზიანიც კი არავის მიუღია“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორმა ობიექტური პოზიციის დაკავება ვერც ამ შემთხვევაში მოახერხა.