14 მარ 2026
დიდი ხანია, ევროპარლამენტი და ევროპარლამენტის რეზოლუციები, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, აცდენილია რეალურ ჩარჩოებს და რეალობის შეგრძნებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
ბოჭორიშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.
„ევროპარლამენტის იმდენი აბსურდული ჩანაწერი, დასკვნა და მოთხოვნა ვიხილეთ, ჩვენ რომ ასე გვევლო, დღეს შეიძლება, საქართველო აღარ ყოფილიყო. შესაბამისად, ვერაფრით ვერ მოვუსმენთ მოსაზრებებს, რასაც აჟღერებენ ადამიანები, რომელთაც არანაირი პასუხისმგებლობა არ ამოძრავებთ ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. დოკუმენტში წერია, რომ ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო“. ევროპარლამენტარები გამოთქვამენ შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ასევე გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოძიების დაწყების გამო.