ეს კონფლიქტი არის იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი, მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას - პაპუაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე

12 მარ 2026

არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ მომხდარა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ახალი ალიანსისა და გაერთიანებიდან მალევე დაწყებული დაპირისპირების შესახებ.

მისი თქმით, მათ არანაირი იდეოლოგიური კონფლიქტი არ აქვთ.

„რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, არის ის, რომ კვლავ ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია. ასეთი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, არ ყოფილა. ასე რომ, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს არა რაიმე იდეოლოგიური ან გეგმებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ ეს კონფლიქტი არის იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი. აი, ამაზე მიდის დღეს დავა შიგნით. ჩანს კიდეც, ვის უნდა იქ ყოჩობა და ვის ხედავენ ისინი ცხვრებად. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ქვეყანას ჰყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, ის რაზეც უარი თქვა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, დღეს სრულად გადმოიბარა ევროპამ.