12 მარ 2026
შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართული დებატების შესახებ.
შალვა პაპუაშვილმა გუშინდელი დებატები მოსკოვში 1989 წელს, 9 აპრილის მოვლენების შემდეგ გამართულ ყრილობას შეადარა.
„ინტონაციითაც და ტონალობითაც, ვისაც ახსოვს, ალბათ გაახსენდებოდა, 1989 წელს, მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკიდან წარმოდგენილი დეპუტატები აი, ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ, მათ შორის, გვარებსაც რომ ვუყურებთ, საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის, ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც ამავე დროს ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. შეგახსენებთ, ის იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის „ინფექცია“, „ხალხის ბრალია. ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ტერმინოლოგია, რომელსაც ის იყენებს ქართველების მიმართ. ასევე შეგახსენებთ, რომ ქალბატონი იუკნევიჩიანე 4 ოქტომბერს ძალადორბივ დამხობას აგულიანებდა და მხარს უჭერდა. ასევე იყვნენ სხვა მოძმე ბალტიის ქვეყნებიდან წარმოდგენილი დეპუტატები.
ეს არის, რაც მივიღეთ - ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი და ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს და და მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაშიც უკან”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და გაგმირებას ცდილობენ. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს.
„რაც შეეხება მეორე საკითხს, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, ამას ეყრდნობა, მათ შორის ის დასკვნები, რაც მოგახსენეთ, სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან დაკავშირებით. ეს არის, რა თქმა უნდა, სამარცხვინო, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და როდესაც მოძალადის გაგმირებას ცდილობენ. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია არის ის ადამიანი, რომელიც თავად აღიარებდა, არა მხოლოდ აღიარებდა, არამედ მის ოფისში აღმოჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები“, მაშხალები და სხვა საშუალებები ძალადობის. მან აღიარა, რომ კი, ის ყიდულობს მაშხალებს. ის არიგებს ამ მაშხალებს, რომლითაც წვავდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას, წვავდნენ პოლიციელებს და დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს. ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ამ ყველაფრის უკან ის რომ იდგა, ის რომ ყიდულობდა, ეს მას აღიარებული აქვს. ამ მოძალადეს უძღვნიან დღეს რეზოლუციას. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს“, - აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც გარედან ცდილობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას.