11 მარ 2026
ჩვენ ვაპირებთ საქართველო-აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზის გამოყენებას ექსპორტისთვის. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანიც გახდება სომხეთის ექსპორტის მიმართულება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კავშირის აღდგენას და, ზოგადად, სამშვიდობო პროცესს.
„დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად, 2025 წლის ნოემბერში, მატარებელმა აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით, მიაღწია სომხეთის რესპუბლიკას. ვიმეორებ – ეს პირველად მოხდა 1991 წლის შემდეგ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 2025 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მოხსნიდა შეზღუდვებს აზერბაიჯანის გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლაზე.
მე მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ, თავის მხრივ, გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ უკვე დღეს უზრუნველვყოთ ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ და პირიქით, რადგან ამის გაკეთება შეგვიძლია არსებული საავტომობილო გზების ქსელით. არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს ჯერ არ გამოუყენებიათ ეს შესაძლებლობა.
ჩვენ ასევე ვაპირებთ საქართველო-აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზის გამოყენებას ექსპორტისთვის. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანიც გახდება სომხეთის ექსპორტის მიმართულება. სომხეთი უკვე ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტს აზერბაიჯანიდან, რამაც ჩვენს ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირება გამოიწვია და დაარღვია ნავთობპროდუქტების ბაზარზე ათწლეულების განმავლობაში არსებული მონოპოლიები.
ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კავშირის აღდგენას და, ზოგადად, სამშვიდობო პროცესს“, – განაცხადა ფაშინიანმა.