Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს - ლევან ჟორჟოლიანი

11 მარ 2026

Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კორუფციასთან, ნეპოტიზმსა და მექრთამეობასთან ბრძოლა.

„აღნიშნული კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიც არის კორუფციის აღქმის ინდექსი, კორუფციასთან ბრძოლა, ნეპოტიზმთან ბრძოლა, მექრთამეობასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან ბევრს მუშაობს და ყოველდღიურად ვხედავთ ამ ძალისხმევის შედეგებს. ასევე, მნიშვნელოვანია მთავრობის ადმინისტრაციის მანდატის გაფართოება ანტიკორუფციული ძალისხმევის ნაწილში და პოლიტიკის ნაწილში, რდესაც დაემატა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც გასულ წელს, მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში, 300 მლნ ლარი დაუზოგა სახელმწიფო ბიუჯეტს. ასევე, მნიშვნელოვნად გავაჯანსაღეთ სახელმწიფო შესყიდვების სისტემები, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ასეთ შედეგზე გავსულიყავით. ჩვენ ვაგრძელებთ კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობას, რომელმაც კიდევ უფრო კარგ შედეგზე უნდა გაგვიყვანოს ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის ნაწილში“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.