09 მარ 2026
უზბეკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ოზოდბეკ ნაზარბეკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საკითხებს.
აღინიშნა ახალგაზრდებისთვის სახელოვნებო მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების, ასევე, სამუზეუმო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურის დღეებზე, რომელიც უზბეკეთში 9-11 მარტს ჩატარდება.
კულტურის დღეების ფარგლებში, ქ. ტაშკენტში, ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართება გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები - „ერისიონი“ და „ტუმორი“.
ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში, ორი დღის განმავლობაში, ქართველი რეჟისორების - ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება მოეწყობა. ასევე, წარმოდგენილი იქნება ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.
თინათინ რუხაძემ უზბეკ კოლეგას თანამშრომლობისა და უზბეკეთში ქართული კულტურის დღეების გამართვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, უზბეკეთის კულტურის მინისტრმა კულტურის სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაადასტურა.