07 მარ 2026
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. დაბომბვებისა და საჰაერო განგაშის დილიდან რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ისმის. ისრაელი აცხადებს, რომ დღის განმავლობაში დასავლეთ ირანში 400-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს შეუტიეს. განხორციელებული დარტყმების სამიზნეებს შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და დრონების საწყობები იყო.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ირანში 300-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, ირანს მხოლოდ 200-მდე ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი რჩება. პარალელურად საპასუხო იერიშებს ანხორციელებს ირანული მხარე.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუდის არაბეთში ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, რაკეტების სამიზნე ერ-რიადთან ახლოს მდებარე პრინცი სულთანის საჰაერო ბაზა იყო. აფეთქებების ხმა ისმოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინშიც. ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო არაბთა გაერთიანული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საფრენი აპარატი წარმატებით გაანადგურეს.
ამასთან, ირანმა რაკეტები გაუშვა, ისრაელის მიმართულებით - ირანიდან გაშვებული რაკეტები თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. სარაკეტო საფრთხის ფონზე თელ-ავივსა და ცენტრალური ისრაელის სხვა ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.