პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ

06 მარ 2026

ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.

ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში, ბრალდებულმა ავტომანქანაში მჯდომ დაზარალებულს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა, თუმცა იგი ქვამ შეაჩერა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.