შეხვედრა რიზეს უნივერსიტეტში

06 მარ 2026

თურქეთში საქართველოს ელჩის ვიზიტი შავი ზღვის რეგიონში დასრულდა. არჩილ კალანდია ვიზიტის დასასრულს რიზეს გუბერნატორს, მერს და ასევე რიზეს რეჯეფ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მათ შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ისე კულტურისა დ განათლების მიმართულებით. რაც შეეხება განათლებას, რიზეს უნივერსიტეტში 2012 წლიდან მოქმედებს ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება.

სტუდენტების მიღება კათედრაზე 2016 წლიდან დაიწყეს და ამ ეტაპზე ქართულ ენას აქ 50-ზე მეტი ადამიანი ეუფლება. ამავე უნივერსიტეტში გაიხსნა ასევე შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, რომელმაც საქართველოს ელჩმა საჩუქრად წიგნები გადასცა. არჩილ კალანდიამ ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება დაათვალიერა და უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გაესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ არჩილ კალანდიას პირველი ვიზიტი იყო თურქეთში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს რამდენიმე ქალაქს მოიცავდა. ეს ის ქალაქებია, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური ქართველი, მუჰაჯირების შთამომავალია.