საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა

05 მარ 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის შენობისა და რეორგაზანიციის საკითხები გააცნო. მაუწყებლის დირექტორის განცხადებით, ტელევიზიის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რასაც ადასტურებს სამხარაულის დასკვნაც, რის გამოც შენობიდან თანამშრომელების დროულად გაყვანაა აუცილებელი.

სამომავლოდ დაგეგმილია მაუწყებლის ყველა პლატფორმის ორბელიანის ქუჩაზე მდებარე შენობაში განთავსება. მანამდე კი ადმინისტრაცია და საინფორმაციო ბლოკი თითების თეატრისა და რადიოს შენობებში გადანაწილდება. ამ პერიოდში დაიჯესტის ფორმატში იმუშავებს საინფორმაციო გამოშვება.

როგორც ირაკლი კიკვაძემ სხდომაზე აღნიშნა, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესაცვლელია მაუწყებლის სტრუქტურა და აუცილებელია რეორგანიზაციის ჩატარება.

დირექტორის განცხადებით, რეორგანიზაციის შესახებ დეტალურ გეგმას სამეურვეო საბჭოს აპრილის ბოლოს წარუდგენს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ რეორგაზანიციას სპეციალურად შექმნილი კომისია ჩაატარებს.